გაითვალისწინეთ: ეს ხ.დ.კ. მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამართლებრივ კონსულტაციას ან რჩევებს. ჩვენი მიზანია, ზოგადი აღწერა იმ სამართლებრივი საკითხების, რომლებიც ახლავს Tor-ს შეერთებულ შტატებში. განსხვავებული გარემოებები და განსხვავებული სამართლებრივი ნორმები, გავლენას იქონიებს ზოგიერთი კითხვის პასუხზე. თუმცა, გთხოვთ ნუ იმოქმედებთ მარტო ამ ინფორმაციის საფუძველზე; თუ წააწყდებით რამე სამართლებრივ დაბრკოლებას, ხარვეზს, საკითხს, მონახეთ გამოცდილი, ლიცენზიის მქონე სამართალმცოდნე, რომელიც სრულად მიმოიხილავს თქვენს მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და მხოლოდ ამის მიხედვით დაიწყეთ საქმის წარმოება.
ამასთან, თუ ეს დოკუმენტი მიღებული გაქვთ სხვა წყაროებიდან, ნაცვლად EFF-ს ვებსაიტის ან მისამართისა https://community.torproject.org/relay/community-resources/eff-tor-legal-faq, შესაძლოა ვადაგასული იყოს. მიჰყევით ბმულს, უახლესი ვერსიისთვის.
მიიღეთ DMCA-საჩივარი? იხილეთ საპასუხო წერილის მაგალითი!
ზოგადი ინფორმაცია
ოდესმე საქმე აღძრულა ან სასამართლო დევნა დაწყებულა პირზე, რომელმაც Tor გაუშვა?
მიუხედავად იმისა, რომ არ გვსმენია ვინმეზე საქმე აღძრან, დევნიდნენ ან მსჯავრი გამოიყენონ Tor-გადამცემის გაშვების გამო, სამართალდამცველები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, ზოგჯერ შეიძლება შეცდომით მაინც იწყებდნენ გამოძიებას Tor-გადამცემების გამშვები ცალკეული პირების მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ Tor-გადამცემის გაშვება, მათ შორის გამსვლელი კვანძისაც, რომლებიც ხალხს ვინაობის გაუმხელად მონაცემების გაგზავნისა და მიღების საშუალებას აძლევს, დაშვებულია ა.შ.შ-ს კანონით. თუმცა სამართალდამცველები, ხშირად არასწორად იგებენ, როგორ მუშაობს Tor და ხანდახან, ქსელში უკანონოდ გატარებულ მონაცემებს მიაკუთვნებენ ხოლმე Tor-ის იმ გამსვლელ კვანძს, რომლიდანაც კავშირი მომდინარეობს. შედეგად, პოლიციას ეჭვი მიაქვს Tor-გადამცემების გამშვებთა დანაშაულზე და ზოგჯერ ადგილი აქვს კომპიუტერული ტექნიკის ჩამორთმევასაც, მათ შორის Tor-გადამცემებისა. მაგალითად, 2016 წელს, სიეტლის პოლიცია შეცდომით თავს დაესხა პირადი მონაცემების დაცვისთვის მებრძოლსა და გამსვლელი Tor-გადამცემის მფლობელის სახლს. აგრეთვე, რუსულმა სამსახურებმა Russian authorities უსამართლოდ დააპატიმრეს მათემატიკის მასწავლებელი და Tor-გადამცემის მმართველი დიმიტრი ბოგატოვი, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს გადახდისგან.
გამოსადეგია Tor ან წახალისებულია Tor-ის გამოყენება უკანონო მიზნებით?
არა. Tor შექმნილია გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადულობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ეს ხელსაწყო არაა განკუთვნილი კანონის დასარღვევად არც Tor-ის მომხმარებლების მიერ და არც Tor-გადამცემის გამშვებთა მიერ.
გარანტიას მაძლევს EFF რომ უსიამოვნებაში არ გავეხვევი Tor-გადამცემის გაშვებით?
არა. ყველა ახალი ტექნოლოგია იწვევს სამართლებრივ უზუსტობებს, არც Tor არაა გამონაკლისი. ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ არასდროს შეეჩეხებით სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც Tor-გადამცემის გამშვები. თუმცა, EFF დაბეჯითებით მიიჩნევს, რომ ხალხი ვინც Tor-გადამცემს ამუშავებს, არაა პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე, რომლებიც მისი გადამცემის გავლით იმოძრავებს.
იქნება EFF ჩემი წარმომადგენელი, თუ უსიამოვნებაში მოვხვდები Tor-გადამცემის გამო?
შესაძლოა. მართალია EFF ვერ დადებს პირობას, რომ თავად იქნება სამართლებრივი წარმომადგენელი Tor-გადამცემის თითოეული გამშვების, თუმცა მხარს დაუჭერს მათ, დაეხმარება სიტუაციის გარკვევაში და გამოცდილი სამართალმცოდნის მოძიებაში, საჭიროების შემთხვევაში. მოთხოვნები EFF-სადმი კანონიერი წარმომადგენლის ან გამოგზავნილი პირის მეშვეობით დაცვისთვის უნდა გადაიგზავნოს ჩვენი მიმღების ხელმძღვანელთან ელფოსტით მისამართზე eff.org. ამგვარი მოთხოვნები განეკუთვნება საიდუმლო მონაცემებს და ექვემდებარება ადვოკატის მიერ კლიენტის ინფორმაციის გაუთქმელობის პირობას. ამასთან, მართალია რომ EFF-ს არ შეუძლია სამართლებრივი მოქმედებების შესრულება შეერთებული შტატების მიღმა, მაინც შეეცდება აშშ-ს გარეთ გადამცემების გამშვებთა მხარდაჭერას, ადგილობრივი წარმომადგენლის მოძიებით.
რა ვიღონო პოლიციის სტუმრობისას/შემოჭრისას/გამოკითხვისას?
თუ დაგაკავებთ ან გამოგკითხავთ პოლიცია, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ წარმომადგენლის ან ადვოკატის თანდასწრებით დაკითხვა. უმჯობესია განაცხადოთ „მოვითხოვ ჩემს ადვოკატს და ვიყენებ დუმილის უფლებას“ და შემდეგ უარი თქვათ გამოკითხვაზე, სანამ არ მოგეცემათ სამართალმცოდნესთან გასაუბრების საშუალება.
თუმცაღა, თუ გადაწყვეტთ უარი თქვათ თქვენს უფლებაზე დაიხმაროთ მრჩეველი და პასუხი გასცეთ კითხვებს ადვოკატის დაუსწრებლად, შეეცადეთ სიმართლე უთხრათ. სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანამ, შესაძლოა იმაზე მეტი სირთულე წარმოშვას, ვიდრე თქვენთან უბრალოდ გასაუბრების თავდაპირველი სურვილი შეიძლება იყოს.
დაცულია შეერთებული შტატების სამართლით Tor-ქსელი სამოქალაქო საქმეების აღძვრისგან?
დიახ. ფედერალული კანონი, 47 U.S.C. § 230 (ხშირად მოხსენიებული ნაწილი 230), უზრუნველყოფს სამართლებრივ ხელშეუხებლობას იმ ინტერნეტშუამავლებისა, რომლებიც სხვებს აძლევენ მასალების განთავსების ან გამოქვეყნების საშუალებას. თუმცაღა არის მნიშვნელოვანი გამონაკლისები გარკვეული სახის დანაშაულსა და ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით, ნაწილი 230 მაინც იცავს ინტერნეტმომსახურებებს, როგორიცაა Tor-ქსელი, არაერთი ისეთი კანონისგან, რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მათ დასაკავებლად, სხვების მიერ ჩადენილის ან ნამოქმედარის გამო. კიდევ ერთი ფედერალური კანონი, 17 U.S.C. § 512(a), რომელიც განეკუთვნება ციფრულ ეპოქაში საავტორო უფლებების დაცვის აქტს, პასუხისმგებლობის გამორიცხვის საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ საავტორო უფლების დარღვევაზე საჩივარი ეხება ხელშეუხებლად გატარებულ მასალებს, სწორედ ისე, როგორც Tor-გადამცემი ატარებს.
უნდა დავუკავშირდე Tor-ის შემმუშავებლებს, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით Tor-ზე ან როცა შევამჩნევ, რომ Tor უკანონო დანიშნულებით გამოიყენება?
არა. Tor-ის შემმუშავებლებს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ, ისინი არ არიან სამართალმცოდნეები და ვერ გასცემენ სამართლებრივ რჩევებს. აგრეთვე, არ აქვთ მათ შესაძლებლობა, შეაჩერონ უკანონო მოქმედებები, რომელთათვისაც Tor-გადამცემები გამოიყენება. გარდა ამისა, თქვენი ურთიერთკავშირი Tor-ის შემმუშავებლებთან არაა დაცული სამართლებრივი კანონებით, ამიტომ სამართალდამცველებს ან სამოქალაქო მხარეებს, შეუძლიათ სასამართლო უწყებით მათგან გამოითხოვონ თქვენგან გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია.
შეგიძლიათ მოწერა მისამართზე info@eff.org თუ წააწყდებით გარკვეულ სამართლებრივ დაბრკოლებას. ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ, თუმცა EFF-ს ზომის სიმცირიდან გამომდინარე, პირობას ვერ ვდებთ, რომ ყველას დახმარებას შევძლებთ.
Tor-ის ძირითადი სისტემის შემმუშავებლები იძლევიან რამე გარანტიას, რომ ცნობარში მოცემული Tor-გადამცემები სანდო და საიმედოა?
არა. მართალია შემმუშავებლები თავიანთი ძალისხმევით ცდილობენ დაამოწმონ, რომ ცნობარში აღნუსხული Tor-გადამცემები სისტემის შემმუშავებლებისგან, მდგრადია და გააჩნია სათანადო გამტარუნარიანობა, არც მათ და არც EFF-ს გარანტიის მოცემა არ შეუძლიათ, რომ ცალკეული პირების მიერ გაშვებული გადამცემები სანდო და საიმედო იქნება. ამასთან, Tor-ის ძირითადი შემმუშავებლები უფლებას იტოვებენ უარყონ მოთხოვნები Tor-გადამცემების გამშვებთაგან, ცნობარში დამატების თაობაზე ან ამოიღონ ნებისმიერი გადამცემი ცნობარიდან ნებისმიერი მიზეზით.
გამსვლელი გადამცემები
გამსვლელი გადამცემები ზრდის საზრუნავს, ვინაიდან მათგან გამოსული მონაცემების კვალზე დადევნებით, გადამცემის IP-მისამართის დადგენა შეიძლება. მართალია ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამსვლელი გადამცემი უკანონო არაა, თუმცა თითქმის შეუძლებელია აღიკვეთოს გამავალი კვანძის უკანონო საქმეებისთვისაც გამოყენება. ეს კი იპყრობს ყურადღებას მომჩივანი მხარეების ან სამართალდამცველების. გამსვლელმა გადამცემმა შეიძლება გადაამისამართოს კანონსაწინააღმდეგო მასალები, გატარებული მონაცემები კი შეიძლება გადამცემის გამშვებს მიაკუთვნონ. ნამდვილად შეცდომაა პოლიციის მხრიდან, გატარებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობის მიკუთვნება, უბრალოდ კავშირის გადამცემის მფლობელისთვის. თუ არ გსურთ ამ საფრთხესთან გამკლავება, შუალედური ან ხიდური გადამცემის გაშვება უმჯობესი არჩევანი იქნება თქვენთვის. ამგვარი გადამცემები პირდაპირ არ აგზავნის მონაცემებს ინტერნეტში, ამიტომ შეცდომით ვეღარ დაგაკავშირებენ არასასურველი მასალების წარმომავლობასთან.
Tor-პროექტის სვეტზე, მოცემულია არაერთი გამოსადეგი რჩევა გამსვლელი გადამცემის ნაკლები საფრთხით გასაშვებად. გირჩევთ გადახედოთ ამ მითითებებს, გამავალი კვანძის გამართვამდე.
ღირს გამსვლელი წერტილის გაშვება სახლიდან?
არა, ეს საფრთხის შემცველია და არასასურველია. თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან თქვენი გამსვლელი წერტილიდან გამავალი კავშირით, შესაძლოა მათმა წარმომადგენლებმა ეს გატარებული მასალები შეცდომით თქვენ მოგაკუთვნონ, ვინაიდან კავშირი თქვენი სახლიდან მომდინარეობს. შედეგად კი ამას შეიძლება მოჰყვეს სამართალდამცველების თქვენს სახლში შემოჭრა, კომპიუტერის ჩამორთმევა და თქვენი მიჩნევა დანაშაულებრივი ქმედების მონაწილედ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გამსვლელ წერტილს არ გაუშვებთ თქვენს სახლში, ანუ თქვენი სახლის ქსელის გამოყენებით.
ამ საფრთხეების გათვალისწინებით, სასურველია გამსვლელი გადამცემის კომერციული ორგანიზაციის მეშვეობით გაშვება, რომელიც მხარს უჭერს Tor-ს. ასევე, განცალკევებული IP-მისამართის გამოყოფა გამავალი კვანძისთვის, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვა კავშირებისთვის.
რასაკვირველია, მნიშვნელოვანი და პირადი ინფორმაცია არ უნდა განათავსოთ იმ კომპიუტერზე, სადაც გამსვლელი გადამცემი იქნება გაშვებული და არ უნდა ეცადოთ მის უკანონოდ გამოყენებას. თუ მაინც გადაწყვეტთ გამსვლელი კვანძის სახლიდან გაშვებას საფრთხეების მიუხედავად, გთხოვთ, გადახედოთ Tor-ის რჩევებს, მათ შორის ინტერნეტის მომწოდებლისთვის ცალკე გამოყოფილი IP-მისამართის თაობაზე, საგანგებოდ გამსვლელი გადამცემისთვის.
უნდა ვაცნობო ინტერნეტის მომწოდებელს, გამსვლელი გადამცემი რომ მაქვს გაშვებული?
დიახ. დარწმუნდით, რომ თქვენი მომწოდებელი, Tor-ისადმი კეთილგანწყობილია, ინფორმირებულია, რომ გაშვებული გაქვთ გამსვლელი გადამცემი და მხარს გიჭერთ ამ საქმეში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ თქვენი ინტერნეტკავშირი არ გაწყდება მიღებული საჩივრების საფუძველზე. Tor-ის ერთობას აქვს ჩამოწერილი Tor-ის საკითხებში გათვითცნობიერებული მომწოდებლების სია, ასევე უგუნურებისაც.
კარგი აზრი იქნება, სხვებსაც ვაცნობო, რომ გაშვებული მაქვს გამსვლელი გადამცემი?
დიახ. იყავით რაც შეიძლება მეტად გამჭვირვალე, გამსვლელი გადამცემის გაშვების საკითხებში. თუ გამავალი მონაცემები მიიზიდავს მთავრობის ან უკმაყოფილო კერძო მხარეების ყურადღებას, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად გააგებინოთ, რომ Tor-ქსელის ნაწილს წარმოადგენთ და არ ხართ პასუხისმგებელი შიგთავსზე. ამით შეიძლება არიდება კომპიუტერის ჩამორთმევისა სამართალდამცველის მიერ და საკითხთან მარტო დარჩენის.
Tor-პროექტი გთავაზობთ გზებს, რომლითაც აცნობებთ სხვებს, რომ გაშვებული გაქვთ გამსვლელი გადამცემი:
- გამართეთ უკუ-DNS დასახელება IP-მისამართისთვის, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ თქვენი კომპიუტერი გამსვლელი გადამცემია.
- დააყენეთ განცხადება ამგვარად იმის განსამარტად, რომ გაშვებული გაქვთ გამსვლელი კვანძი, რომელიც Tor-ქსელის ნაწილს წარმოადგენს.
- თუ შესაძლებელია, აიღეთ ARIN სარეგისტრაციო თქვენი გამსვლელი გადამცემისთვის, რომელიც გამოაჩენს მონაცემებს თქვენთან დასაკავშირებლად და არა თქვენი ინტერნეტის მომწოდებელთან. ამ გზით, საჩივრებით პირდაპირ თქვენ მოგივათ და პასუხსაც თავად გასცემთ. სხვა შემთხვევაში, მიუთითეთ ინტერნეტის მომწოდებელს, რომ მიღებული საჩივრებით მანდ გადმოამისამართოს თქვენთან.
შემიძლია თვალი ვადევნო მარტივი ტექსტური სახით გამავალ კავშირების ჩემს Tor-გადამცემში?
არა. შესაძლოა, ტექნიკურად მოახერხოთ Tor-ის პირველწყარო კოდის გადაკეთება ან დამატებითი პროგრამების დაყენება, მეთვალყურეობისთვის ან აღრიცხვისთვის, თქვენი გადამცემიდან გამავალი ჩვეულებრივი ტექსტების. თუმცა შედეგად, Tor-გადამცემის გამშვებებს შეერთებულ შტატებში, შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო სამართლის და ზოგჯერ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, შტატის ან ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ისინი მიაყურადებენ, აღრიცხავენ ან გაამჟღავნებენ Tor-ის მომხმარებელთა კავშირებს, ხოლო შეერთებული შტატების გარეთ მყოფი პირები, სხვა მსგავსი კანონებით შეიძლება დაიჯასონ. არ სცადოთ სხვების კავშირების გამოკვლევა, სამართალმცოდნესთან წინასწარი გასაუბრების გარეშე.
თუ მივიღებ სასამართლო უწყებას ან სხვა სახის მოთხოვნას სამართალდამცველებისგან, თუნდაც ნებისიმიერი სხვა პირისგან ჩემს Tor-გადამცემთან დაკავშირებით, როგორ მოვიქცე?
გაანათლეთ, აცნობეთ Tor-ის შესახებ ვრცლად. უმეტესად, სათანადოდ გამართული Tor-გადამცემებიდან, ვერანაირ გამოსადეგ ინფორმაციას ვერ ამოიღებენ ცნობისმოყვარე მხარეები, შესაბამისად შეგეძლებათ მათ ამ კუთხით შეასწავლოთ საკითხი. გარდა ამისა, თუ აწარმოებთ გარკვეული სახის აღრიცხვებს, არ უნდა გაანდოთ გარეშე პირებს, სანამ სამართალმცოდნეს არ გაესაუბრებით. შეერთებულ შტატებში, ამგვარი მონაცემების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილია ელექტრონული კომუნიკაციების პირადი მონაცემების დაცვის აქტით, ხოლო შტატების გარეთ გადამცემების გამშვებებს, სავარაუდოდ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მონაცემთა დაცვის მსგავსი საკანონმდებლო ნორმებით.
არაა გამორიცხული მიიღოთ სამართლებრივი უწყება, რომელიც კანონით გიკრძალავთ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ ვინმესთვის გამხელას. შეგვიძლია გითხრათ, რომ შეერთებულ შტატებში, ამგვარი შემაკავებელი ბრძანებები, ვერანაირად ვერ შეგიშლით ხელს სამართალმცოდნესთან გასაუბრებაში ან მის გამოძახებაში, წარმომადგენლის ასაყვანად. მოთხოვნები EFF-სადმი კანონიერი წარმომადგენლის დასანიშნად უნდა გადაიგზავნოს ჩვენი მიმღების ხელმძღვანელთან (მისამართზე eff.org). ამგვარი მოთხოვნები განეკუთვნება საიდუმლო მონაცემებს და ექვემდებარება ადვოკატის მიერ კლიენტის ინფორმაციის გაუთქმელობის პირობას.
დამატებით, საჩივრებზე და სხვა უწყებებზე პასუხის გაცემის შესახებ, იხილეთ Tor-ის საჩივრების ხ.დ.კ. და ნაკრები საჩივრებზე პასუხის ნიმუშებისა Tor-პროექტის ვებსაიტზე.
თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა სამართალდამცველები თქვენს ციფრულ მოწყობილობებთან წვდომის გზების მოძიებას შეეცდებიან, იხილეთ EFF-ს სახელმძღვანელო: იცოდეთ თქვენი უფლებები.
ჩემი ინტერნეტის მომწოდებელი, უნივერსიტეტი და ა. შ. მიგზავნის DMCA-საჩივარს. რა გავაკეთო?
EFF გთავაზობთ მოკლე ნიმუშს, რომელიც დაგეხმარებათ პასუხის მიწერაში მომწოდებლისთვის, უნივერსიტეტისთვის და ა. შ. რომლითაც აცნობებთ დაწვრილებით Digital Millennium Copyright კანონის გამონაკლისი პირობების შესახებ, და იმის შესახებაც, თუ როგორ აკმაყოფილებს Tor მათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიმუში მიესადაგება მხოლოდ შეერთებული შტატების კანონმდებლობას და განკუთვნილია საავტორო უფლებების შესახებ იმ საჩივრების საპასუხოდ, რომლითაც თითქოსდა გადამცემი რამე კანონს არღვევს, მასალების Tor-კვანძით გატარებისას.
თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ საჩივრის ასლი გადაგზავნოთ Lumen-ის მონაცემთა ბაზაში. ელფოსტის მისამართია team@lumendatabase.org. ეს დაგვეხმარება არსებული მიმართულებების და საკითხების გამორკვევაში, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ სამართალმცოდნეებმა. Lumen აგრეთვე იღებს მასალებს, შეერთებული შტატების გარეთ მცხოვრებლებისგანაც.
EFF მიიჩნევს, რომ Tor გადამცემები დაცულია მომხმარებლების ქმედებებზე პასუხისგებისგან, ვინაიდან Tor-გადამცემის გამშვები სარგებლობს ხელშეუხებლობით როგორც DMCA-ს 512 ნაწილით, ასევე საავტორო უფლებების ირიბი პასუხისმგებლობის დოქტრინებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არცერთხელ არ გადაცემია ამგვარი საქმეები Tor-თან მიმართებით. თუ გაღელვებთ ასეთი სახის გაურკვევლობები, უმჯობესია გამოიყენოთ შეზღუდული გამსვლელი დებულება (როგორსაც გთავაზობთ Tor-პროექტი) რომ სცადოთ იმ გატარებული მონაცემების სახეობების შემცირება, რომლებიც ხშირად ხდება საავტორო უფლებებზე საჩივრების სამიზნე.
თუ ხართ Tor-გადამცემის გამშვები და გსურთ გვერდში დგომა და დახმარება, მკაფიო სამართლებრივი პრეცედენტის შექმნაში, რომლის მიხედვითაც უბრალოდ გაშვებული გადამცემი, არ წარმოშობს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებების შელახვაზე არც გამშვებთა და არც გამტარუნარიანობის მომწოდებელთა მხრიდან, EFF-ს ექნება სურვილი გამოეხმაუროთ.
პასუხის ნიმუში Tor-გადამცემის მფლობელისგან ინტერნეტის მომწოდებლისადმი
მიიღეთ DMCA-საჩივარი? იხილეთ საპასუხო წერილის მაგალითი!