ყველა კვანძი მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროებს განსხვავებულ ტექნიკურ მოთხოვნებსა და სამართლებრივ მიდგომებს. სხვადასხვა სახის კვანძების გაცნობა პირველი ნაბიჯია იმის გასარკვევად, თუ რომელია თქვენთვის უფრო მოსახერხებელი.

მცველი და შუალედური გადამცემი

(ე.წ. არაგამსვლელი გადამცემები)

მცველი გადამცემი წარმოადგენს პირველს, Tor-წრედის 3 გადამცემისგან შემდგარ ჯაჭვში. შუალედური გადამცემი არც მცველია და არც გამსვლელი, იგი წარმოადგენს მეორე კვანძს, დანარჩენ ორს შორის განთავსებულს. მცველად გახდომისთვის, გადამცემი უნდა იყოს მდგრადი და სწრაფი (სულ მცირე 2მბაიტი/წმ) სხვა შემთხვევაში დარჩება შუალედურ გადამცემად.

მცველ და შუალედურ გადამცემებს, ჩვეულებრივ არ მისდით საჩივრები დარღვევების შესახებ. ყველა გადამცემი აღნუსხულია Tor-გადამცემების საჯარო ჩამონათვალში, ასე რომ შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული მომსახურებების მიერ, რომლებსაც არ ესმით როგორ მუშაობს Tor ან განზრახ ცდილობენ Tor-ის მომხმარებლების ცენზურის ქვეშ მოქცევას. თუ გსურთ გაუშვათ გადამცემი სახლიდან და გაქვთ ერთი უცვლელი IP, ალბათ უმჯობესი იქნება შეჯერდეთ გადამცემი ხიდის გაშვებაზე, შედეგად თქვენი კავშირები Tor-ის გარეთ არ შეიზღუდება ისე, თითქოს Tor-იდან მომდინარეობდეს. თუ გაქვთ ცვალებადი IP-მისამართი ან რამდენიმე უცვლელი IP, ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

არაგამავალი Tor-გადამცემი საჭიროებს მცირე ძალისხმევას მუშაობის უზრუნველყოფაში და გამტარუნარიანობაც სრულად შეიძლება გაიმართოს Tor-ის პარამეტრებიდან (დაწვრილებით, ქვემოთ იქნება განხილული ამ სახელმძღვანელოში). გადამცემის „გამსვლელი დებულება“ განსაზღვრავს, დაშვებულია თუ არა კლიენტთათვის ამ გადამცემის გამოყენება გამსვლელ წერტილად. არაგამავალი გადამცემი არ იძლევა გასვლის საშუალებას, მისი დებულებით.

გამსვლელი გადამცემი

გამსვლელი გადამცემი არის ბოლო გადამცემი Tor-წრედში, სწორედ ის, რომელიც მონაცემებს გზავნის დანიშნულების საბოლოო წერტილზე. მომსახურებები, რომელთაც Tor-კლიენტები უკავშირდება (საიტი, სასაუბრო, ელფოსტა და ა. შ.) ხედავს სწორედ გამსვლელი გადამცემის IP-მისამართს ნაცვლად, Tor-ის მომხმარებლის ნამდვილი IP-მისამართისა.

გამსვლელ გადამცემებს გააჩნია ყველაზე მეტი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დანარჩენებს შორის. მაგალითად, თუ მომხმარებელი ჩამოტვირთავს საავტორო უფლებებით დაცულ მასალას თქვენი გამსვლელი გადამცემის გამოყენებით, შეიძლება მიიღოთ DMCA-გაფრთხილება. ყველა საჩივარი გამსვლელზე მოგივათ პირდაპირ თქვენ (მომწოდებლის გავლით, სარეგისტრაციო (WHOIS) ჩანაწერის მიხედვით). ზოგადად, უმეტესი საჩივრის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება გამზადებული წერილების მეშვეობით, რომლებზეც დაწვრილებით საუბარი გვექნება სამართლებრივი საკითხების განხილვის განყოფილებაში.

ვინაიდან, სამართლებრივი წნეხი თან სდევს გამსვლელი გადამცემის გაშვებას, ამიტომ Tor-ის გამავალი გადამცემი არ უნდა გაუშვათ სახლში. სასურველია, რომ გადამცემი იმართებოდეს რამე დაწესებულების მეშვეობით, როგორიცაა უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა, საგანმანათლებლო სივრცეები ან პირადი მონაცემების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. დაწესებულებას არამხოლოდ უკეთესი გამტარუნარიანობა შეუძლია უზრუნველყოს გამსვლელი კვანძისთვის, არამედ უკეთ შეძლებს მოაგვაროს საჩივრებთან ან საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკითხები.

თუ შეჯერდით გამსვლელი გადამცემის გაშვებაზე, გთხოვთ გაეცნოთ განყოფილებას სამართლებრივი საკითხების განხილვაზე გამსვლელ გადამცემებთან დაკავშირებით.

გადამცემი ხიდი

Tor-ქსელის თავისებურება გულისხმობს, რომ Tor-გადამცემის IP-მისამართი საჯაროდ ხილული უნდა იყოს. თუმცაღა, ერთ-ერთი გზა Tor-ის შესაზღუდად მთავრობების ან ინტერნეტის მომწოდებლების მიერ, არის სწორედ Tor-კვანძების საჯარო IP-მისამართების შეზღუდვის სიებში დამატება. Tor-ის ხიდები წარმოადგენს კვანძებს ქსელში, რომლებიც არაა საჯაროდ აღნუსხული Tor-სიაში, რაც ურთულებს ინტერნეტის მომწოდებლებსა და მთავრობებს, მათ შეზღუდვას.

ხიდები გამოსადეგია Tor-ის მომხმარებელთათვის, რომლებიც შევიწროებულნი არიან რეჟიმის მხრიდან და სურთ უსაფრთხოების დამატებით დონე, რომ ვერ აღმოაჩინონ მათი კავშირი Tor-ის საჯაროდ აღნუსხულ IP-მისამართთან. ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის ჩინეთი და ირანი პოულობს გზებს, Tor-ხიდებთან კავშირების აღმოსაჩენად და შესაზღუდად. მისაერთებელი გადამყვანები, საგანგებო სახის ხიდები, ამას ირიდებს უსაფრთხოების დამატებითი შრის მეშვეობით, კავშირის შენიღბვით.

ხიდები მეტად მარტივი, ნაკლები საფრთხისა და მცირე გამტარუნარიანობის Tor-კვანძებია, თუმცა დიდი გავლენა აქვს მომხმარებლებზე. ხიდები ჩვეულებრივ არ იღებს საჩივრებს დარღვევებზე და ვინაიდან ისინი საჯაროდ არაა აღნუსხული გადამცემებად, ამიტომ ცნობილი მომსახურებების მიერ შეზღუდვის საშიშროებაც ნაკლებია.

ხიდები საუკეთესო არჩევანია, თუ Tor-კვანძის გაშვება მხოლოდ სახლის ქსელიდან შეგიძლიათ, გაქვთ მხოლოდ ერთი უცვლელი IP და არ გაგაჩნიათ დიდი ოდენობის გამტარუნარიანობა შესაწირად -- ჩვენ გირჩევთ ხიდს დაუთმოთ 1 მბიტ/წმ.